ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ახალციხის მერიაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენლები მარინა მოდებაძე და ნანა იოსელიანი. მათ გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაცის შესახებ ისაუბრეს.
გარდა ამისა, საზოგადოებას ამ მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების, საზოგადოებაში დღემდე არსებული სტერეოტიპების, შრომითი უფლებებისა და მისი გენდერული განაწილების, ასევე საკანონმდებლო რეგულაციებისა და საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების შესახებ ესაუბრნენ.
პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეები ინტერაქტიულ თამაშშიც ჩაერთნენ და დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“, ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.