ქეთევან ციხელაშვილი: საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებებთან და საუბედუროდ, მათ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლება ვერ აიღებს
ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას სრული ინტენსივობით, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე რაიმე ტიპის პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელია.
“ინფორმაციის გაზიარება ვერ იქნება შეფასებული, როგორც პირობა ან მით უფრო გარანტია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან მის მოქმედებებთან და საუბედუროდ, მის გადაწყვეტილებებთან, რაზეც პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება ვერ აიღებს, რადგან ასეთი მოცემულობაა ეს არ ნიშნავს, რომ მისაღებია რაიმე ტიპის პოლიტიკური სპეკულაცია პოლიტიკური ძალების მხრიდან და რაღაც ქულების დაწერის მცდელობა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას სრული ინტენსივობით, როგორც ეს ხდებოდა აქამდე, უკვე ამ კვირაში კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში”,- განაცხადა ციხელაშვილმა.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.