პანკისის ხეობაში 27 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების მოტივი და უხუცესების უნდობლობის თემა განიხილეს

პანკისის ხეობაში ადგილობრივებს შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკება სოფელ ჯოყოლოს მეჩეთთან შედგა, სადაც 27 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების მოტივზე და უხუცესების უნდობლობის თემაზე იმსჯელეს.

“საუბარი შეეხო მკვლელობის თემას. თუ როგორ მოხდა, თავს როგორ დაესხნენ და როგორ მოკლეს “- ამბობს შამილ გუმაშვილი.

ადგილობრივი იმასაც არ გამორიცხავს,რომ უხუცესთა საბჭოს შერჩევის შემდეგ გადაწყდეს მკვლელობის და ჰესების მშენებლობის საკითხი.

“არ არის გამორიცხული ჰესებზე და მკვლელობაზე გადაწყვეტილება უხუცესთა საბჭოს ახალი წევრების არჩევის შემდეგ მოხდეს”,-განმარტავს გუმაშვილი.

შეხვედრის მონაწილეების თქმით,უხუცესთა საბჭოს ახალი წევრების არჩევა აუცილებელია,რათა ხეობაში მკვლელობა აღარ განმეორდეს.

“ახლანდელი უხუცესთა საბჭოს წევრები თავიანთი კარიერის შექმნაზე ოცნებობენ,ხალხზე არ ფიქრობენ,ისინი რომ თავიანთ სიმაღლეზე ყოფილიყვნენ,ეს მკვლელობა არ მოხდებოდა “,- ამბობს შამილ გუმაშვილი.

“დიდი ხანია უნდობლობა გამოვუცხადეთ უხუცესთა საბჭოს,თვითმარქვია კავშირია,ეგ არ იყო ხეობის არჩეული”,- აცხადებს ემზარ კოხოსაშვილი.

შეხვედრის მონაწილეებს თქმით,უხუცესთა საბჭოს წევრები თითოეული გვარის წარმომადგენლისგან უნდა დაკომპლექტდეს.

“თითოეულმა გვარის წარმომადგენელმა თვითონ უნდა აირჩიოს თავისი წარმომადგენელი.დროს ვერ დავაკონკრეტებ,როდის შედგება ახალი უხუცესთა საბჭო“,-აღნიშნა კოხოსაშვილმა.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის,სერიოჟა მუზიკაშვილის თქმით, შეკრებაზე ითქვა,რომ 27 ნოემბერს მომხდარ მკვლელობაზე სისხლის აღება გარდაუვალია.

შეხვედრას ესწრებოდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.მისი თქმით, პანკისელები წეს-ჩვეულებებს და ტრადიციებს არ უღალატებენ და სისხლის აღება მაინც მოხდება.

“სისხლს ვაინახებში 100 წლის შემდეგაც არა ტოვებენ,აქედან გამომდინარე თქვენ გამოიტანეთ დასკვნები,მოხდება თუ არა სისხლის აღება”,-აღნიშნავს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში დაპირისპირება 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი დაიღუპა და ორი მამაკაცი მძიმედ დაიჭრა. მკვლელობის საქმეზე დაკავებულები არიან არბი ქავთარაშვილი და რუსლან ხანგოშვილი,რომლებსაც აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები