რუსთავში აქციის მონაწილეებს მხარის რწმუნებული და ქალაქის მერი შეხვდნენ

რუსთავში მეორადი ზეთის გადამამუშავებელ ქარხანასთან აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდნენ.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ მოქალაქეებს პირობა მისცეს, რომ ერიტორიაზე მშენებლობა მათი ნებართვის გარეშე არ გაგრძელდება.
შოთა რეხვიაშვილმა „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. „ყველა ინვესტიცია მისასალმებელია და ეკონომიკა უნდა განვითარდეს თუმცა, უმნიშვნელოვანესია გარემოზე ზრუნვა და მე მივესალმები ყველა თაობის ჩართულობას ამ კუთხით. ჩვენ გვქონდა გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეხვედრა, მერთან ერთად, გავიარეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რაც იგეგმება იმისთვის, რომ რუსთავში ეს მდგომარეობა გამოსწორდეს„ – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბრის რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა,რომ ქალაქში ზეთის გადამამუშავებელი საწარმო აშენდებოდა. სათათბირო ორგანოს დეპუტატებმა, დავით გარეჯის ქუჩაზე შპს „ეკო ოილისთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ მისასვლელი გზის სარგებლობის უფლების მიცემის თაობაზე იმსჯელეს და საკითხს, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები