“ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება პროტესტი” – მამუკა ხაზარაძე ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, ფიქრია ჩიხრაძემ და დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
“ზუგდიდში მოსახლეობას შევხვდით და პარტიასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები გავაცანით, რომელსაც თვის ბოლოს ვაფუძნებთ. ასევე, უახლოეს მომავალში გავხსნით რეგიონულ ოფისს ზუგდიდში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ, 14 დეკემბერს, თბილისში დაგეგმილ შეკრებასაც გამოეხმაურა.
„წასულია იმ ხელისუფლების საქმე, რომელიც აქციებს მართავს. ხელისუფლება იმიტომ არის, რომ კაბინეტებში გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, რასაც ისინი ვერ აკეთებენ. ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ხედვა, არ გააჩნია გეგმა და აქვს მხოლოდ იმის უნარი, რომ ქვეყანა ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობამდე მიიყვანოს. ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება პროტესტი და ვიქნებით ყველა იმ ადგილზე, სადაც შეიძლება, რომ ხელისუფლებას გავუწიოთ სერიოზული კონკურენცია, რათა უახლოეს არჩევნებში სახლში გავისტუმროთ,“ – განაცხადა ხაზარაძემ.
ზუგდიდში დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მოძრაობის სამომავლო გეგმებს, პროპორციულ არჩევნებს და ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს შეეხო.
ამასთან, ყურადღება რეგიონში არსებულ პრობლემებზე გამახვილდა. მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” პრეზენტაცია ანაკლიაში 12 სექტემბერს გამართა.