პროკურორი: გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც “გრიფით საიდუმლო” ადევს
„მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.
„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე განხორციელდება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება დაკითხვას, აღნიშნულს განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი, შესაბამისად, მის მიერ მოხდება კითხვების დასმა. ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.