ნინო ბურჯანაძის პარტიაში ივნისის მოვლენების გამო, კოსაჩოვისთვის ბოდიშის მოხდის ფაქტს არ ადასტურებენ
პარტიაში „ერთიანი საქართველო-დემოკრატიულ მოძრაობა“ რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნინო ბურჯანაძემ კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრაზე, თბილისში ივნისში განვითრებული მოვლენების გამო ბოდიში მოიხადა, არ ადასტურებენ.
როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურში ექსკლუზიურად განუცხადეს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, საუბარი ძირითადად შეეხებოდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების აუცილებლობას.
„ბურჯანაძემ მწვავედ დააყენა საკითხი, რომ ექიმი უმოკლეს დროში უნდა დაუბრუნდეს ოჯახს, რაზეც კოსაჩოვმა თქვა, რომ ინციდენტის აღმოფხვრაში მონაწილეობას მიიღებენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას, აღინიშნა კონფლიქტის მოგვარების საჭიროება. რაც შეეხება “გავრილოვის ღამესთან” დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ბოდიშის მოხდის ფაქტს არ ვადასტურებთ. ივნისის მოვლენებზე საუბრისას, ნინო ბურჯანაძემ თქვა მხოლოდ ის, რომ სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა. მისი თქმით, საქართველოში ნებისმიერი დელეგაციის და ნებისმიერი სტუმრის მიმართ მსგავსი ინციდენტები სასურველი არ არის, რასაც კოსაჩოვიც დაეთანხმა“, – განაცხადეს პრესსამსახურში.