„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ – გვყავს ინვესტორი, იმედია მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება

16 დეკემბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შიდა კაპიტალის შევსებისა და სასესხო ხელშკრულებების გაფორმების ვადა ეწურება.

როგორც დღეს კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, არსებულ პირობებში, ძალიან რთულია დაარწმუნო რომელიმე ინვესტორი, უზარმაზარი თანხის ინვესტირება მოახდინოს პროექტში.

მისივე თქმით, კონსორციუმს ჰყავს ინვესტორი, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედოვნებენ, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდება.

ახვლედიანის განცხადებით, კომუნიკაცია და მუშაობა გრძელდება მთავრობასთანაც.

„ვადებზე საუბარი არ არის პორტის ინტერესებში.ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროექტი წინ წავწიოთ.თუ ვსაუბრობთ “საუკუნის პროექტზე”, მაშინ ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური ინტერესები და დავსათ შეკითხვა, რა არის მნიშვნელოვანი პროექტისთვის და შესაბამისად, ქვეყნისთვის”,- აცხადებს ახვლედიანი.

ახვლედიანმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივაზეც ისაუბრა, რომლის აშენებაც “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ დააანონსა.

ახვლედიანის განმარტებით, ბაზარზე ამჟამად არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება და პრიორიტეტი ანაკლიას ენიჭება.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კონსტიტუციაშია შეტანილი, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ არჩევანი ანაკლიის პორტზე გააკეთა და ეს სწორი არჩევანია“, – აცხადებს ახვლედიანი.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ სიტუაციაზე რამოდენიმე დღის წინ განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაც გააკეთა.
მისი თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შიდა კაპიტალის შევსებისა და სასესხო ხელშკრულებების გაფორმების ვადა 16 დეკემბრამდე აქვს, წლის ბოლომდე კი უნდა მოხდეს ე.წ. ფინანსური დახურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები