ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ ახალგაზრდები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ
სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მოხდეს არანაირი ძალადობის ფაქტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველას აქვს საშუალება, გამოხატოს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
“პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენს ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და თუ რომელიმე სცდება ამ ჩარჩოს, სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს მოქცეული იყოს სამართლებრივ ჩარჩოებში. კონკრეტულ განცხადებებთან და კონკრეტულ მოწოდებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე კომენტარს არ გავაკეთებ. სახელმწიფოს პოზიცია არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი დემოკრატიული ტრანსფორმაცია, საქართველომ ჩაატაროს მშვიდობიან, დემოკრატიულ გარემოში არჩევნები, რაზეც არის პრემიერ-მინისტრი კონცენტრირებული და შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2020 წელს, როგორც აქამდე საქართველოში, იყოს ძალიან მაღალი დონის საარჩევნო მარათონი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და დაგვიდასტურებია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული შეფასებები კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტულ დაპირისპირებებს, მინდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ ახალგაზრდების ჩარევას და ამ ემოციურ ფონზე მათი ინტერესებისთვის გამოყენებას. სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მოხდეს არანაირი ძალადობის ფაქტი“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.