დავით კაკაბაძის ოჯახის არქივთან ერთად მისი შემოქმედების ციფრული არქივის წარდგენაც გაიმართება

11 დეკემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის 18-ში, დავით კაკაბაძის, როგორც მხატვრის, ფიზიკოსის, ხელოვნების კრიტიკოსისა და მკვლევრის არქივი გამოიფინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა მხატვრის ოჯახში დაცულ მასალას აერთიანებს: ჩანახატებს, კოლაჟებს, ავტორის სამეცნიერო ექსპერიმენტებს, ფოტოებსა და საავტორო დოკუმენტებს.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება 1919 წელს, პირველ მულტიდისციპლინარულ ჟურნალ „შვიდ მნათობში“ გამოქვეყნებული კაკაბაძის ესეები, ქართული ორნამენტის გენეზისის კვლევები, ფოტოები, სტერეოკინო აპარატის კვლევების დოკუმენტაცია და მხატვრის მიერ შექმნილი საბჭოთა დროშის ესკიზები.
გამოფენას კურატორი – ნინა ახვლედიანი და დავით კაკაბაძის ფონდის დამფუძნებელი – მარიამ კაკაბაძე გაუძღვებიან.
ოჯახის არქივთან ერთად, დავით კაკაბაძის შემოქმედების ციფრული არქივის პრეზენტაცია გაიმართება.
„თი-ბი-სის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით შექმნილი ციფრული არქივი თითქმის სრულად აერთიანებს ავტორის შემოქმედებას. ფართო საზოგადოებისათვის კაკაბაძის მემკვიდრეობასთან ღია და თანამედროვე გზით წვდომის მიზნით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუზეუმში და თეატრში დაცული კაკაბაძის ნამუშევრების კოლექციები სრულად გაციფრულდა.

ლექცია – „დავით კაკაბაძე“
ლექციაზე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან კინწურაშვილი ისაუბრებს დავით კაკაბაძის ადგილსა და მნიშვნელობაზე მოდერნიზმის ხანის მსოფლიო ხელოვნებაში. დავით კაკაბაძის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპის განხილვის საფუძველზე ნაჩვენები იქნება მხატვრის პროგრესული აზროვნება, მისი შემოქმედების მრავალფეროვნება და საერთაშორისო მასშტაბი. ლექცია დატვირთული იქნება მდიდარი ფოტო და ვიდეომასალით. ასევე წარმოდგენილი იქნება ქეთევან კინწურაშვილის დავით კაკაბაძისადმი მიძღვნილი წიგნები.
ქეთევან კინწურაშვილი 1980-იანი წლების ბოლოდან იკვლევს დავით კაკაბაძის შემოქმედებას. პირველი ნაშრომი მან დავით კაკაბაძის ქანდაკებას – Z, ანუ „განგმირულ თევზს” მიუძღვნა. 1995-1996 წლებში, მან გამოიკვლია დავით კაკაბაძის ნამუშევრები ქეთრინ დრაიერისა და “ანონიმური საზოგადოების” იელის კოლექციის კონტექსტში; 1997-98 წლებში შექმნა მონოგრაფია – “დავით კაკაბაძე: XX საუკუნის კლასიკოსი”; 2006 წელს ჩაატარა კვლევა პარიზში და ბრეტანის პროვინციაში და გადაიღო ვიდეომასალა, რომლის ნაწილი წარმოდგენილი იქნება ლექციაზე.
ახალი ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პლატფორმა – #BAZA „თიბისის“ ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების, მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებით ცოდნის გაზიარებაა. ეს არის სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში ჩართულ არაერთ შემოქმედს, მკვლევარს, სტუდენტს თუ უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები