საფრანგეთში აქციებზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს – პარიზში 65 ადამიანია დაკავებული(ფოტო,ვიდეო)

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, ლიონში, მარსელსა და ნანტში, საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

პარიზში, ნანტსა და ბორდოში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ნანტსა და ბორდოში აქცია არეულობაში გადაიზარდა. ნანტში აქციას მოძრაობა Black Blocs-ის წევრები შეუერთდნენ, წერს BFMTV.

რაც შეეხება პარიზს, აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის მთლიანად არის პარალიზებული. გაჩერებულია მეტროს 11 ხაზი, საქალაქთაშორისო ელმავალები, ავტობუსები და ტრამვაი შეფერხებით მუშაობს.

პარიზში აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს, ისინი რევოლუციურ სიმღერებს მღერიან, შაშხანებს აფეთქებენ.

საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებულია 6 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი.

მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პარიზში აქციის 65 წევრია დაკავებული.

მოსალოდნელია, რომ დღეს დაწყებული საყოველთაო გაფიცვა 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. ქვეყანაში სულ 250 მანიფესტაციაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები