გიორგი ვაშაძე: ბურჯანაძის ამ ნაბიჯში ახალი არაფერია,ის გამოხატულად პრორუსული ორიენტაციის პარტიის ლიდერია
ნინო ბურჯანაძის ამ ნაბიჯში ახალი არაფერია, ის გამოხატულად პრორუსული ორიენტაციის პარტიის ლიდერია – ასე შეაფასა “ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო პრორუსული და დიდი საფრთხის მქონე ძალაა, ვიდრე ნინო ბურჯანაძე.
“ჩემთვის “ქართული ოცნება” კიდევ უფრო პრორუსული ძალაა, ვიდრე ნინო ბურჯანაძე და ის გაცილებით უფრო დიდი საფრთხის მქონეა, რომლის ლიდერიც პუტინივით განცხადებებს აკეთებს”,- განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ ნიკა გვარამიას სტატუსიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ფეისბუქზე ვინ რას დაწერს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
“ფეისბუქზე ვინ რას დაწერს, ეს არ არის არანაირი მნიშვნელობის მქონე. ყველას თავისი გამოხატვის ფორმები აქვს, მე მასში სისხლის სამართლებრივი ქმედების შინაარსს ვერ ვხედავ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს მშვიდობიანი , არაძალადობრივი პროტესტის ფორმა არჩეული, რომლითაც დაწყებულს აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთ”, – აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია აგრძელებს ერთობლივ ფორმატში მუშაობას, რათა არაძალადობრივი პროტესტით სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მიაღწიოს ქვეყანაში.
“ჩვენ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტით, ერთადერთ რამეს ვითხოვთ, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში, რომ ხელისუფლება არ იყოს მიტაცებული. ხვალ, ქუთაისში გვექნება მშვიდობიანი შეკრება და მსვლელობა. ხოლო თუ კონტრაქცია ჩატარდება, ეს მათ უსუსურობას და მარგინალობას, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს”,- განაცხადა ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, ქუთაისში საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას 6 დეკემბრის მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.