ანდრია ჯაღმაიძე: დაკავებული მღვდელმსახური საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში არ იყო, ამიტომ ჩვენ ვერ მივიღებთ ზომებს

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერის დაკავების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან განმარტა, დაკავებული მღვდელმსახური საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არ იყო, ამიტომ რაიმე სასჯელს ან ზომებს საპატრიარქო და ეპარქია ვერ მიიღებს.

„ზოგადად ასეთ დანაშაულზე ზომებია მისაღები, დანაშაული რეალურად მძიმე მდგომარეობაა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც სასულიერო პირსა, ან ბერს ასეთი რამ შეემთხვევა. ამ შემთხვევაში ეპარქიის მმართველი ან ეკლესიის წინამძღვარი გარკვეულ ზომებს იღებს. ამ შემთხვევაში, როდესაც ის საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში არ იყო, ჩვენ ვერ მივიღებთ ზომებს. ეს ადამიანი ცხოვრობს მონასტერში ათონზე. რაც 2017 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, ის სახლში ცხოვრობდა, არც მონასტერში და არც რომელიმე ტაძარში არ მსახურობდა.
გავრცელდა ფოტოები, რომ ის მეუფე გერასიმესთან ერთად მსახურებაზე დგას. ამან გამოიწვია კითხვები, ხომ არ იყო საქართველოს იურისდიქციაში მსახური. გეტყვით, რომ ნებისმიერი დელეგაცია სხვა ეკლესიიდან რომელიც სხვა ეკლესიას ესტუმრება, თუ არ არის რაიმე აკრძალვა, მათ შეუძლიათ დადგნენ და ემსახურონ, თუ იქნება ადგილობრივი მღვდელმსახურის თანხმობა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იმ ეპარქიის, ან იმ ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებში მსახურობენ ისინი.

მე ამ ინიციატივით ვერ გამოვალ უნდა შემოწმდეს თუ არა სასულიერო პირი. თუ საჭიროდ ჩათვლის სახელმწიფო ან რომელიმე უწყება, რა უჭირს, თუ შემოწმდება. მე ვფიქრობ, რომ ისე უნდა ცხოვრობდეს სასულიერო პირი რომ ეჭვებს არ იწვევდეს და არ იყოს საჭირო შემოწმება, თუ მიიჩნევს სახელმწიფო, რომ აუცილებელია შემოწმება, რატომ უნდა გავექცეთ ამას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები