იაგო ხვიჩია: ამ ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება ახლა, ეს არის რევოლუცია, ვემიჯნები გვარამიას განცხადებას
ამ ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება ახლა, ეს არის რევოლუცია, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „გირჩის“თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.
„უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !”- დაწერა გვარამიამ “ფეისბუქში“. გვარამიას პოსტი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააზიარა.
ხვიჩიას თქმით, ის ამ განცხადებას ემიჯნება.
„ამ ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება ახლა, თუ გვინდა, რომ რამე ცუდი მოხდეს ქვეყანაში, ეს ცუდი არის, რევოლუცია. ამიტომ სრულად ვემიჯნები ნიკა გვარამიას ამ განცხადებას და მიხეილ სააკაშვილის ამ გადაზიარებას. ამით არ მინდა ის ვთქვა, რომ რევოლუცია, თუ ხელისუფლების არაარჩევნებით შეცვლა ყოველთვის აკრძალულია. ის დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლება არ ატარებს, ან აყალბებს არჩევნებს. მანამდე, სანამ არჩევნები არ გაყალბებულა, სანამ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ დაუდასტურებიათ არჩევნების გაყალბების ფაქტი, მანამდე ეს არის მხოლოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხი გადააგდო და სიტყვა გატეხა, ეს არის ხალხის გადაგდება და სიტყვის გატეხვა, მაგრამ არა არჩევნების გაყალბება.
აქედან გამომდინარე, ვემზადები არჩევნების მოსაგებად. თუ არჩევნები გაგვიყალბეს, მერე ვილაპარაკოთ სხვა სცენარებზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.
თამუნა შეყილაძე