კურორტ “გოდერძიდან” მწვანე ტბამდე მისვლა უკვე ახალი საავტომობილო გზით არის შესაძლებელი
კურორტ “გოდერძიდან“ მწვანე ტბამდე მისვლა უკვე ახალი, რეაბილიტირებული საავტომობილო გზით არის შესაძლებელი. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი გზის 6500 მეტრ მონაკვეთზე განხორციელდა და ის კურორტ “გოდერძის“ ასევე დიდაჭარის იაილასაც აკავშირებს.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა მოეწყო და სამი ახალი ხიდი აშენდა. სამუშაო პროცესში 50 ადამიანი დასაქმდა. პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 6 320 570 ლარით დაფინანსდა.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მწვანე ტბის ინფრასტრუქტურული განვითარება ხულოს მუნიციპალიტეტისათვის ახალი შესაძლებლობაა.
“აჭარაში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ როგორც კურორტ “გოდერძის”, ასევე ბეშუმს და მწვანე ტბას. ეს ერთობლიობაში შექმნის ახალ ტურისტულ მიზიდულობას, ახალ ტურისტულ კლასტერს, რომლითაც პირველ რიგში ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ ხულოს მაცხოვრებლები,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
“ამ გზის რეაბილიტაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ასევე რეგიონისთვის, ვინაიდან მთელი წლის განმავლობაში მწვანე ტბას ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს და ამ ახალი გზით უფრო მეტი ვიზიტორი ესტუმრება,“-აღნიშნა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მუხრან კაკაბაძემ.