შუახევის მერიასთან “ქართული ოცნების“ და “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შუახევის მერიის შენობასთან, სადაც პარლამენტის დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროა განთავსებული, “ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ადგილზე “ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას“ წარმომადგენლები აქციას მართავდნენ. ისინი პარლამენტის დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროში შესვლას ითხოვდნენ.
მათ მიერ მერიის შენობაზე გაკრულმა სტიკერებმა დაძაბულობა გამოიწვია. “ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სტიკერები მოხსნეს და აქციის მონაწილეებს ზონდერები უწოდეს. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.
აქციაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ხულოშიც, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი მხრიდან იყო პიკეტირების მცდელობაც, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ ოფისის შესასვლელის ჩაკეტვის უფლება არ მისცა.