“საქართველოს საგარეო უწყება ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით გერმანელ კოლეგებთან კოორდინირებულად იმოქმედებს”
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ბერლინიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით, გერმანელ კოლეგებთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, კავშირზე იმყოფება.
ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„გვაქვს კავშირი გერმანელ პარტნიორებთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ვიმოქმედებთ მათთან კოორდინირებულად“, – განაცხადეს უწყებაში.
დღეს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა.
საპასუხოდ რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს უსაფუძვლო და არამეგობრული ნაბიჯია და სარკისებრ პასუხს გასცემენ.