ირაკლი ბერაია: საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ის დღის წესრიგში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, ამერიკელი სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს.
ასევე, ირაკლი ბერაია გამოეხმაურა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის „დიდი შვიდეულის” ჯგუფში არდაშვებას გულისხმობს მანამ, სანამ იგი პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიის პრინციპების ერთგული არ იქნება.
ირაკლი ბერაიას თქმით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენისას, რომელიც რუსეთთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მომავალს ეხებოდა, აგრეთვე, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში, ამერიკელმა კანონმდებლებმა, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის საქმიანობას, რომელიც არ არის თავსებადი დემოკრატიის პრინციპებთან და უდიდესი საფრთხის მატარებელია.
“ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. კონგრესში გამართულ განხილვებისას, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების და მდგრადობის გაძლიერებისთვის, თავდაცვის ტრანსფორმაციის და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისთვის გადადგმული ნაბიჯების ხაზგასმაც ამის ნათელი დადასტურებაა. საქართველო და ქართველი ხალხი მადლიერია და განსაკუთრებულად აფასებს ქართული დემოკრატიის და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აშშ-ის და მეგობარი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას,” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.