არჩილ თალაკვაძე: შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი და არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ელჩები, რომელსაც ესწრებოდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ვენეციის კომისია, კარგად გამოჩნდა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი და არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმის მტკიცება, რომ საკანონმდებლო დონეზე რაიმე ცვლილების გაკეთება შესაძლებელია, ოპოზიციის ნაწილის მიერ თავის მხარდამჭერებთან სახის შენარჩუნების მცდელობაა.

“მესმის, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს სურს, თავისი მხარდამჭერების წინაშე სახე შეინარჩუნოს და გარკვეულწილად ეს არის ამის მცდელობა, რადგან შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ელჩები, რომელსაც ესწრებოდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ვენეციის კომისია, კარგად გამოჩნდა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი და არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. შესაბამისად, ჩემი აზრით, იმის მტკიცება, რომ საკანონმდებლო დონეზე, ანუ საარჩევნო კანონმდებლობისა და კოდექსის დონეზე რაიმე ცვლილებების გაკეთება არის შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრაზე ყველაფერი აშკარად გამოჩნდა, არის ოპოზიციის ამ ნაწილის მცდელობა, თავის მხარდამჭერებთან, ვინც გამოიყვანეს და ქუჩაში დააყენეს, იმ ადამიანებთან გარკვეულწილად სახე შეინარჩუნონ. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვისაც, რა თქმა უნდა, აქვს ინტერესი ამ საკითხზე, გავაგრძელოთ საუბარი, დავსხდეთ მაგიდასთან, მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისათვის. საუბარი ყოველთვის საჭიროა, საუბარი საჭიროა რეალურ საკითხებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების, ოპოზიციის, ელჩებისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით პირველი შეხვედრა არგუმენტების გაცვლას ემსახურებოდა, მაგრამ შემდეგი შეხვედრა უკვე სხვა საკითხებს უნდა დაეთმოს.

ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენას დღეს გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები