“ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხს მხარს დავუჭერ, რადგან საქართველოს პარლამენტში კრიმინალების ადგილი არ არის”

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილება შეაფასა.

მისი განცხადებით, მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხს მხარს დაუჭერს, რადგან საქართველოს პარლამენტში კრიმინალების ადგილი არ არის.

“ნიკანორ მელია არის კრიმინალი. მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელზეც მიეცა პასუხისგებაში. როგორც ვხედავთ, სანქცია არის ძალიან რბილი, საუბარია ჯარიმაზე და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევაზე, შესაბამისად ეს არის იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან არ გვაქვს საქმე. ჩაიდინა აბსოლუტურად ცხადი დანაშაული, ის მონაწილეობდა ადეიშვილთან ერთად ბანკი “ქართუს” გაკოტრებაში. თუ შემოვა ეს საკითხი პარლამენტში და შემოვა ბუნებრივია, აუცილებლად დავუჭერ მხარს იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტში კრიმინალების ადგილი არ არის.
ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი კრიმინალია, ვიდრე მხოლოდ ნიკანორ მელია, თუმცა ამ შემთხვევაში არის კონკრეტული დანაშაული დაფიქსირებული სასამართლოს მიერ, შესაბამისად აქ არის ცალსახა საფუძველი იმისა, რომ ნიკანორ მელიას შეუწყდეს უფლებამოსილება და ბუნებრივია კითხვის ნიშნები ვერ იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ ბანკი “ქართუს” საქმეზე 25000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები