დიმიტრი ცქიტიშვილი: ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ სანქციების გამოყენება არასწორია

ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ სანქციების გამოყენება არასწორია, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი აღნიშნულ საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებას უნდა დაელოდოს.

“ზოგადად მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ სანქციების გამოყენება არ არის სწორი. უფლებამოსილების შეჩერების მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს – თუ არ ვცდები, ვალერი გელაშვილის და არ მგონია, რომ სწორი ყოფილიყო. პოლიტიკურად სამართლიანი იქნება, რომ საბოლოო განაჩენი დადგეს და პარლამენტმა გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოს, მანამდე ნაჩქარევი მგონია. თუმცა, სამართლებრივი პროცედურა როგორ არის და რეგლამენტი როგორ ითხოვს მე ნაკლებად ვიცი, შესაბამისად იურისტების დასკვნა მინდა, რომლის საფუძველზე მე ჩემს გადაწყვეტილებას მივიღებ”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ნიკა მელიას სასამართლომ ბანკი “ქართუს” საქმეზე 25000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები