ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებაზე: რადგან უარს ამბობ გერმანული მოდელის დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, ე.ი მთლად წელგამართული ვერ ხარ
„თუ მართალია ხელისუფლება და თუ მართლა შეუსაბამოა სააარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან, მაშინ რატომ ამბობს ხელისუფება უარს, ეს დოკუმენტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში?“ – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს დასკვნისთვის, რადგანაც სჯერა, რომ ის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.
“ჩემი ინფორმაციით, ოპოზიციისგან გაიგზავნა ის მოდიფიცირებული გერმანული ვარიანტი ოდირში და დღე დღეზე უნდა იყოს ოდირის პასუხი. მერე საინტერესოა, რას იტყვის ხელისუფლება. გაგზავნილია კითხვა, შეესაბამება, თუ არა ქართულ კონსტიტუციას ეს მოდელი. კარგად მოგვეხსენება, რომ ხელისუფლებამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამებაო. ახლა არა ირაკლი კობახიძის გაჯიქებული პოზიცია გვაინტერესებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციის პასუხი გვაინტერესებს და თუ მათგან პასუხი იქნება, საინტერესოა, შეხვედრის მეორე რაუნდზე რა პოზიცია ექნება წულუკიანს ან კობახიძეს, რომლებიც თავს იკლავენ, ეს მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოაო.
თუ მართალია ხელისუფლება და თუ მართლა შეუსაბამოა გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან, მაშინ რატომ ამბობს ხელისუფება უარს, რომ ეს დოკუმენტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში? გავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში და მიუკერძოებელმა ადამიანებმა გვითხრან, ოფიციალურად შეესაბამება თუ არა. რადგან უარს ამბობ ვენეციის კომისიაში ამ დოკუმენტის გაგზავნაზე, ე.ი მთლად წელგამართული ვერ ხარ. ჩვენ ვამბობთ, რომ გავაგზავნოთ, გვჯერა რომ შესაბამისია კონსტიტუციასთან. პრობლემა არ გავქვს. ხომ შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ სამარცხვინო მდგომარეობაში და უარი მივიღოთ? მაგრამ მივდივართ ამ რისკზე. რატომ არ მიდიან ისინი? ე.ი იტყუებიან წულუკიანი და კობახიძე და ეშინიათ, რომ ვენეციის კომისიამ თქვას, ეს მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისიაო”, – განაცხადა ელისაშვილმა.
თამუნა შეყილაძე