“ხელისუფლების ნაწილი რაღაც ეტაპზე იფიქრებს, რომ ოპოზიცია ძალას იკრებს და ინიციატივა მის ხელშია, რის შემდეგაც შეიძლება ბევრი ოპოზიციურ ფლანგებზე გადავიდეს”
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსა და ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციებს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გამოეხმაურა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციები და პერფორმანსები, გარდა იმისა, რომ მედიის ყურადღების ცენტრშია, საზოგადოებაზეც ახდენს ზემოქმედებას.
“ხელისუფლება ტყუილად ინუგეშებს თავს, რომ ეს აქციები მრავალრიცხოვანი არ არის და მილევადია. მართალია, ბოლო აქციების დროს არც ბევრი ხალხი იყო, სამართალდამცავთა მოქმედებებიც გამოირჩეოდა სიფრთხილითა და კანონის შესაბამისობით, მაგრამ პარლამენტის სხდომების ჩატარება სპეცრაზმის დახმარებით ნამდვილად არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ქვეყნის შიგნიდან და არც გარედან. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ლოკალური პრობლემების შექმნა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ეს პერფორმანსები, რაც ვნახეთ, პრეზიდენტის, პარლამენტარებისა თუ მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას მუდმივად ტოვებს საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში, მოქმედებს საზოგადოებაზეც. ლაპარაკი, რომ თურმე ოპოზიცია არასერიოზულად იქცევა და ამით თავის დამშვიდება პრობლემების გამარტივების ცდაა… გარდა ამისა, ეს ყველაფერი აჩენს არასტაბილურობის განცდას, მუდმივად სტრესში ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს, მოქმედებს ეკონომიკაზე. თუ ეს პოლიტიკური ბულინგი დიდხანს გაგრძელდება, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ყველაფერთან ერთად, ხელისუფლების ნაწილი რაღაც ეტაპზე იფიქრებს, რომ ოპოზიცია ძალას იკრებს და ინიციატივა მის ხელშია, რის შემდეგაც შეიძლება ბევრი გადავიდეს ოპოზიციურ ფლანგებზე. მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელთან შედარებით დღეს კარდინალურად შეცვლილი ვითარებაა, “ვარდების რევოლუციით”, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კარგად ისწავლა, რომ ასეთი რყევებით შეიძლება ხელისუფლებას აგურ-აგურ გამოაცალო მისი გუნდისა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, ეს სტრატეგია, რაც მათ და სხვა ოპოზიციურმა ძალებმა გვაჩვენეს, ნამდვილად არ არის უმიზნო”,- განმარტა ექსპერტმა.
საყვარელიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” პროპორციული არჩევნების შემთხვევაში წარმატების მიღწევა გაცილებით ადვილად შეეძლო, ვიდრე ახლა “გადამგდების” იმიჯის შეძენის შემდეგ.
“რაც შეეხება იმას, როგორ აღიქმება, რომ ივანიშვილმა “გადააგდო” ოპოზიცია… გადაგდების თემა პოლიტიკაში იშვიათობა არ არის. გავიხსენოთ, როგორ “გადააგდო” მერკელმა ჰელმუტ კოლი, ანუ ის, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში. სააკაშვილ-ჟვანიამაც “გადააგდეს შევარდნაძე. მოკლედ, ეს ხერხი, სამწუხაროდ, შეიძლება გამოიყენოს პოლიტიკოსმა, მაგრამ აქ საფრთხე ჩნდება თუ აკრძალულ ხერხს იყენებ, მერე აუცილებლად უნდა გაიმარჯვო, არ უნდა დამარცხდე. თუ ვერ გაიმარჯვებ 5-ჯერ უარეს შედეგს მიიღებ, ვიდრე სხვა შემთხვევაში მიიღებდი. გათვალა ეს თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი, ეს ნაბიჯი მიიყვანს თუ არა მას გამარჯვებამდე. ჩემი აზრით, “ქართული ოცნებას” საამისო არაფერი სჭირდა, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა. ვფიქრობ, გაცილებით ადვილად შეეძლოთ წარმატების მიღწევა პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, ვიდრე ახლა ასეთი ხმაურის, აურზაურისა და “გადამგდების” იმიჯის შეძენის შემდეგ. ჩემი აზრით ეს არის “ოცნების” პოლიტიკური შეცდომა. იმიჯი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია. შეიძლება “ოცნებას” ალღომ უღალატა. ვნახოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს”,- განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.