გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში გამართულ აქციზე: არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიერ გამართული საპროტესტო აქციის შესახებ მედიასთან კომენტარი  გააკეთა. ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ აქციებზე საჯარო მოხელეების მობილიზება მოახდინა. მისივე განმარტებით, სამოქალაქო დაპირისპირებას, რასაც ხელისუფლება ცდილობს, ადგილი არ ექნება და ოპოზიცია არჩევნებისათვის მზადებას კანონის ფარგლებში გააგრძელებს.

“აქციებზე მოჰყავთ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები და აყვირებენ. გვიბიძგებენ არაცივილიზებული ბრძოლისკენ. ჩვენი აქტივისტები ექსცესებში ჩართვას არ აპირებენ. არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება, არჩევნებისათვის ცივილიზებულ მზადებას გავაგრძელებთ. ამისთვის პასუხს არჩევნებზე მიიღებენ. ქუთაისი მასობრივად გეტყვით უარს”, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რატომ არ დაიკითხა “ოცნების” მხარდამჭერების მიერ მოწყობილ აქციებზე მომხდარ ინციდენტებში მონაწილე პირები, ვაშაძე პასუხობს, რომ სამართალდამცველებს დავალება აქვთ –  მსგავს პირებს ხელი არ შეუშალონ, რითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გადაფარავენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მესამე დღეა მმართველი პარტიის მხარდამჭერები პერმანენტულად აქციებს მართავენ. დღეს აქციის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში შეჭრა სცადეს და შენობას კვერცხები და საღებავები ესროლეს. ამის შემდეგ მათ შეძახილებით – “არა მიშას”, “წადით” – ენმ-ს ოფისთან გადაინაცვლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები