“ევრონიუსი“ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ სტატიას აქვეყნებს (ვიდეო)

“ევრონიუსი“ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაურია “რატომ სურს ათასობით დემონსტრანტს საქართველოში ვადამდელი არჩევნები?“.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში დემონსტრანტები უკვე ორი კვირაა პარლამენტის შენობის ბლოკირებას ახდენენ. “აქტივისტებს სურთ, რომ 2024 წლისთვის დაგეგმილი საარჩევნო სისტემის ცვლილება ძალაში ოთხი წლით ადრე შევიდეს, რაც ქვეყანას მაჟორიტარული წარმომადგენლობიდან პროპორციულ წარმომადგენლობაზე გადაიყვანს“, – წერს გამოცემის ჟურნალისტი.

“ევრონიუსი“ წერს, რომ საპროტესტო აქციები თბილისის გარდა მცხეთაში, ზუგდიდში, ფოთში, თელავსა და ოზურგეთში გაიმართა.

“აქტივისტებმა მუნიციპალური და სამთავრობო შენობების პიკეტირება მოახდინეს. ეს ქმედებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაგმო. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია კანონით, მაგრამ უკანონო პიკეტირების შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიცია ასევე კანონის ფარგლებში იმოქმედებს“,- ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 2019 წელს საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა პირველად არ აგორდა და დემონსტრაციები ივნისშიც გაიმართა.

პუბლიკაციაში მოყვანილია გერმანიის ქალაქ გისენის უნივერსიტეტის ანალიტიკოსის, დიონის ჩენუშას მოსაზრება, რომელიც ვარაუდობს, რომ აქციები საქართველოში გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს.

“მთავრობამ სიტუაციის დეესკალაციის გზები უნდა მოძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუჩის პროტესტები გაძლიერდება. ოპოზიციას ძალიან ცოტა აქვს დასაკარგი“, – აცხადებს გერმანელი მკვლევარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები