სამეგრელოს პოლიციამ ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 პირი (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფოთში სწრაფი გადახდის აპარატების ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია 2 პირი: 1977 წელს დაბადებული გ.ღ. და 1976 წელს დაბადებული შ.ქ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანი და დანით შეიარაღებული გ.ღ. და შ.ქ. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ფოთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ერთ-ერთი კომპანიის ინკასატორს – 1980 წელს დაბადებულ ლ. დ.-ს. ყაჩაღურად თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, რის შემდეგაც დაზარალებულის ავტომანქანაში არსებულ, კომპანიის კუთვნილ თანხას – 39413 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ლ.დ. ავტომანქანაში მიატოვეს და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეო-რეგისტრატორი ამოიღეს​, რომლის მეხსიერების ბარათზე აღნიშნული დანაშაულის ამსახველი ჩანაწერია დაფიქსირებული.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები