გიგა ბოკერია: ჩვენი ამოცანაა პროპორციულ და სამართლიან არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება
“ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანდასწრებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას იმის გამო დათანხმდნენ, რომ ხელისუფლებისთვის არ მიეცათ იმის თქმის საბაბი, რომ ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალა. მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე კონკრეტულ საკითხს დააყენებენ.
„ძაან რბილად რომ ვთქვა, უცნაური ფორმატი შემოგვთავაზა ივანიშვილის გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, ვინც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პროტესტის სათავეში იდგა, ჩვენი მიმართვის მიუხედავად, არ დაპატიჟეს. მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც შეიცვალეს „სალი კლდე“ პოზიცია, რომ საერთოდ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე და „გერმანულ მოდელზე“, არანაირ საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრაო. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ვართ.
უამრავი საკითხია დასასმელი ივანიშვილის ხელისუფლებასთან. ამ შეხვედრაზე არის ერთი მთავარი საკითხი, დაპირების შესრულება, „გერმანულ მოდელზე“ გადასვლა და აქ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული წინადადება არსებული კონსტიტუციის პირობებში როგორ უნდა მოხდეს სწრაფად.
ჩვენი ამოცანა არაა რადიკალური პროტესტი, ჩვენი ამოცანაა პროპორციულ არჩევნებში და სამართლიან არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება, მაგრამ აქეთკენ სვლას სჭირდება ის ნაბიჯები, რაზეც ვისაუბრე”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.