მამუკა მდინარაძე: ტანში ზარავთ 41-ის გაგონებაზე, მიხეილ სააკაშვილი ვერც მე და ვერც ვერავის ვერ შეავიწროვებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მოძრაობა “გაბედეს” წევრების მიერ მის მაჟორიტარულ ბიუროსთან “41 ვერცხლის” მიტანას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, მარგინალური ჯგუფების მიერ ამგვარი ქმედებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულებაა.
„ვიდრე ამ ამბავს გავიგებდით, დიტო სამხარაძემ, ჩვენმა კოლეგამ რამდენიმე წუთით ადრე დაპოსტა “ფეისბუქში”, რომ თურმე მათ სულიერ და ისედაც ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს უბრძანებია, მდინარაძე მაგრად გვირტყამს და იქნებ შეავიწროვოთო და ბრძანება შესრულდა უმოკლეს დროში – მოვარდნენ, ციფრი 41 ხომ აშინებთ, ტანში ზარავთ ამ 41-ის გაგონებაზე, ჩემთან შეხვედრას ითხოვდნენ, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ აქ ვარ, სხდომაზე ბევრი საქმე გვაქვს ძალიან.
ეს არის მარგინალური ჯგუფების მიერ მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება. იყო ინფორმაცია, რომ მე უნდა შემავიწროვონ. ვერასდროს ვერ შემავიწროვებს ვერც მე და ვერც ვერავის მიხეილ სააკაშვილი, მაგის პირობას გაძლევთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.