ირაკლი სესიაშვილი: ჩვენ თუ მათ ორლარიან ბოქლომებს ვუყურებთ, ეს არის უბრალოდ ჩვენი თმენის ვალდებულება
ოპოზიციას მოვუწოდებ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ, ბაქიბუქობენ, რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ ნახეთ, რომ პარლამენტი მუშაობს, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სესიაშვილის თქმით, პოლიციას წესრიგის დაცვის ვალდებულება აქვს და რაიმე განსაკუთრებული არ ხდება.
“ოპოზიციას პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს. პოლიციას ვალდებულება აქვს, წესრიგი დაიცვას. რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. მესმის, რომ ჩვენი ოპონენტები არიან პოლიტიკურად გაკოტრებული. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ და ამიტომ მიდიან რადიკალურ ქმედებებზე. ალბათ, ეს ყველაფერი გათვლილია ტელესურათზე, თითქოს, მათ პროტესტს ფართო ხასიათი აქვს, რაც ასე არ არის. ოპოზიციას მოვუწოდებ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ, მათ გამოხატვის თავისუფლებას პრობლემა არ ექნება. ბაქიბუქობენ, რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ ნახეთ, რომ პარლამენტი მუშაობს“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
ამასთან, მისივე თქმით, მმართველი გუნდის დეპუტატებს თმენის ვალდებულება აქვთ.
“ჩვენ თუ მათს ორლარიან ბოქლომებს ვუყურებთ ეს არის უბრალოდ ჩვენი თმენის ვალდებულება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ კონფრონტაციაში არ შევიდეთ, რაც რეალურად მაგათ უნდათ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.