ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ზესტაფონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ ბესიკ გოფოძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.
ზესტაფონში, ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე ახალი სივრცე მოეწყო. განახლებული ტერიტორია თანამედროვე ტიპის ინვენტარით აღიჭურვა და შადრევანი დამონტაჟდა. რეაბილიტირებული ლოკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 557 177 ლარით ფინანსდება. განახლებული ცენტრალური მოედანი, როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს კომფორტული დასვენების საშუალებას მისცემს.
სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ასევე სოფელ პირველ სვირში, ამბულატორიის მშენებლობის პროცესს გაეცნენ და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 998 ლარს შეადგენს. ახალი ამბულატორიით 3 000 – ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს.
მონიტორინგის ფარგლებში, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შიდა საუბნო გზებზე მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულეს. ამ ეტაპზე ქალაქ ზესტაფონის 14 ქუჩისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 2 927 386 ლარი დაიხარჯება, მიმდინარე სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.