გრიგორი კარასინი: მთავარი ამოცანაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იმ ჩიხიდან გამოვიდეს, რომელშიც ის ზაფხულში შევიდა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის თქმით, მთავარი ამოცანაა, საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით გაკეთებული უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ შევიდა.
ამის შესახებ კარასინმა ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა, სადაც 5-თვიანი პაუზის შემდეგ აბაშიძისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა იმართება.
“პრაღაში ერთმანეთს კარგი სამუშაო განწყობით შევხვდით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ორმხრივი ურთიერთობა იმ ჩიხიდან გამოვიდეს, რომელშიც ის ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით გაკეთებული უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ შევიდა. ამ ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება ისევ დაძაბულია. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, ეს არ აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და შევძლებთ მდგომარეობის ჩიხიდან გამოყვანას. ამისთვის ყველა რესურსი არსებობს. მე ვგულისხმობ არა ვიზიტს, არამედ იმ ალიაქოთს, რაც მოჰყვა ამ ვიზიტს. ზოგიერთი ტელეწამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს და საერთოდ, იმ ატმოსფეროს, რომელიც შეიქმნა განცხადებების შემდეგ, რომლებიც ეხებოდა რუსეთის მოქალაქეებს, რუს ტურისტებს და საერთოდ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. თქვენ იცით, რა მოხდა ამ ამბის შემდეგ, შეწყდა ავიამიმოსვლა. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ასევე სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზეც, ტრანსპორტზე, ჰუმანიტარულ კონტაქტებზე, იმ ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც გავლენას ახდენ საერთაშორისო ურთიერთობაზე“, – განაცხადა კარასინმა.