გიგი უგულავა: მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ აქ, შემდეგ ნახეთ თქვენ არმაგედონი
„ევროპული საქართველოს“ წევრის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგი უგულავას თქმით, პარლამენტთან პროცესები კიდევ უფრო დაიძაბება, როდესაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა დაიწყება. მისივე თქმით, ეს აქციები თავისუფალი ჟანრია.
„ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ გამოსავალს, განსხვავებით ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“, რომლებიც უკანა ხვრელებიდან დაძვრებიან სამარცხვინოდ, მისტერ პიტკინივით მიძვრებოდა თურმე ოხანაშვილი, უნახავთ. სამარცხვინოა, რა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს. ეს არის მათი სახე და მათი სახე რომ არ დაინახოს, მათ შორის პოლიციამ, აი, ასე შემოღობილი რკინის ჯებირებით ივლიან. რაიონშიც წამოიღებენ ამ ჯებირებს, იმის იქითაც, რავიცი, ჩავალთ ყველა ქალაქში და კი ბატონო, იარონ. ეს პროტესტი არ დამთავრდება. ეს ხომ თავისუფალი ჟანრია, პლენარული სხდომა ჩაინიშნება, მოვალთ, განსაკუთრებით მოვემზადებით. ამას წინასწარ ვეუბნებით და არ ვმალავთ, ტყუილად დაძვრებიან ეს სუს-ის მანქანები ოფისებთან, რაღაც „ჟუჩოკებით“ წვალობენ და ერთ ამბავში არიან. არაფერს ვმალავთ, ყველა ჩვენი თათბირი აბსოლუტურად ღიაა, პირდაპირ გეუბნებით – მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ აქ, შემდეგის შემდეგ კვირაზე, აი, შემდეგ ნახეთ თქვენ არმაგედონი, ეს რკინის ჯებირები არ გეყოფათ. იმ მზაკვრობის და ტყუილის პირდაპირ შედეგს ვიმკით, რომ სასამართლოს მიტაცება ხდება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიტაცა მთელი სახელმწიფო ამ კაცმა“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.