ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შესარიგებლად უხუცესები, შესაძლოა, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან მოიწვიონ

პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შერიგების საკითხის გამო, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან უხუცესების მოწვევა გახდეს საჭირო.

როგორც ზელიმხან წუწაშვილი ამბობს, გვარებს შორის შერიგებაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა უხუცესები უახლოეს დღეებში მაქსიმალურად შეეცდებიან ადგილზე დაძაბული მდგომარეობა ისე შეიცვალოს, რომ დაპირისპირება და სისხლის ღვრა ისევ არ მოხდეს.

წუწაშვილი ქისტური ადათ- წესების კოდექსის მიხედვით, შურისძიებასა და შერიგების შემთხვევაში, შემდგომ პროცესებს განმარტავს.

“ჩვენი წესების მიხედვით, სისხლის აღება მოხდება მხოლოდ იმ პირის მიმართ, ვინც იარაღიდან გაისროლა და ადამიანი მოკლა. შერიგების შედეგი თუ დადგა, ამ დროს დამნაშავე პირს ე.წ შინაპატიმრობა მიესჯება და სახლიდან სხვა სოფელში გადაადგილება, გვარის უფროსთან შეთანხმების შემდეგ ეძლევა “- განმარტავს უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე.

38 წლის მისური მუთოშვილი, რომელიც გუშინ, სოფელ საკობიანოში დაპირისპირების დროს მოკლეს, სოფელ ჯოყოლოში დღეს დაკრძალეს.

რაც შეეხება დაჭრილ ორ ახალგაზრდას, ქავთარაშვილს და დუიშვილს, ისინი ახმეტის და თელავის საავადმყოფოდან წუხელ ღამით თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

მსუბუქად დაჭრილი ქავთარაშვილი სავადმყოფოდან გაწერისთანავე, შს კახეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ხეობაში, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციის რამდენიმე ჯგუფი პატრულირებდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პანკისის ხეობის, სოფელ საკობიანოსთან დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები