კახა კალაძე: ამ ორი წლის განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას საქმიანობის ორწლიან ანგარიშს აცნობს. კახა კალაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობით აგვირჩიეს და უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შევუდექით. ამ ორი წლის განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ყველას აინტერესებს, თუ რა იქნება ხვალ – როგორი იქნება ჩვენი დედაქალაქი. იმისთვის, რომ ქალაქში საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელო, მნიშვნელოვანია ქალაქის ბიუჯეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თბილისელების სახელით მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.
„მომავალი წლის პროექტებისთვის დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონ ლარს დავხარჯავთ. 2020 წლის ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 300 მილიონი ლარით მეტი ღირებულების მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. მინდა, ბიზნესსექტორს მადლობა გადავუხადო, რადგან ურთიერთთანამშრომლობით, საინტერესო პროექტები უკვე განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
„ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ქალაქში სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გპირდებით, რომ გამოწვევებისა და პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იქნება. ბიუჯეტის დაახლოებით, 27-28% მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად. ჩვენ წამოვიწყეთ და წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და დღეს ცხრა მოქალაქე, რომელმაც ამ პროგრამით ისარგებლა ჩვენს ღონისძიებას ესწრება. მინდა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო ამ ადამიანებს. ჩვენ ყველას გვერდში დავუდგებით. არავინ არასდროს მიგვიტოვებია. არასდროს დაგვიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით და ვეხმარებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მხარდაჭერისთვის 100 წლის მერი მაღრაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, რომელიც ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო რიგით მოქალაქეებს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე და ვისაც გული შესტკივა, თუ როგორი იქნება ხვალინდელი თბილისი და რა პრობლემები არსებობს ქალაქში. რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკაც მისაღებია. არსებობს გამოწვევები, თუმცა ძალიან დიდი შემართებით ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მერის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერმა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.