ხათუნა სამნიძე: ხელისუფლებამ უკვე ფიზიკურადაც დაიწყო საკუთარი თავის ამოქოლვა
დღეს რასაც ვხედავთ, ხელისუფლებას არ აინტერესებს, რა ვითარებაა ქვეყანაში, თვითიზოლაციაშია და თვითამოქოლვას ეწევა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სამნიძე პარლამენტის წინ ამ წუთებში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
„ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს იმას, რომ ამ ხელისუფლებამ, კერძოდ ბიძინა ივანიშვილმა, საღად და ადეკვატურად შეაფასოს მიმდინარე მოვლენები. მან გააკეთა ძალიან სერიოზული განაცხადი იმ აქციების ფონზე, პირობა დადო, რომ მიიღებდა პროპორციულ სისტემას და ამით ქვეყანას დემოკრატიის განვითარების სხვა რელსებზე გადაიყვანდა. თუმცა, დღეს მისგან გვესმის რომ არავითარი დაპირება არ იყო და კონტრაქტი არ დაუდია საზოგადოებასთან. ბუნებრივია, ამ ფონზე, ის პროცესები, რასაც დღეს ვხედავთ არის მისი პასუხისმგებლობა. კრიზისი რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ხელისუფლება ვალდებულია ის შეთავაზება, კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც ხელისუფლებას ოპოზიციამ შესთავაზა, გაითვალისიწინოს. თუმცა, გვესმის, რომ ხელისუფლება ამაზე პასუხობს, რომ ის არ აპირებს არავითარი წინადადების მიღებას, ნაბიჯის გადადგმას საზოგადოების მხარეს. ზურგით დგება ოპოზიციის და საზოგადოების წინაშე. არ აინტერესებს რა ვითარებაა ქვეყანაში, თვითიზოლაციაშია და თვითამოქოლვას ეწევა, დღეს რასაც ვხედავთ, უკვე ფიზიკურადაც დაიწყო საკუთარი თავის ამოქოლვა ყველასგან”, – განაცხადა სამნიძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის მიმდებარე – ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი. ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩასასვლელი ქუჩაც. რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.
თამუნა შეყილაძე