ბიძინა ივანიშვილი: ვერავითარი გადატრიალება ვერ მოხდება, წარმოუდგენელია
“ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში გადაცემა „SWOT ანალიზში“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვას: გადატრიალების გამეორების საფრთხე თუ არსებობს? ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს წარმოუდგენელია.
„გუნდში გვქონდა გარჩევა 20 ივნისის მოვლენების. ზოგიერთები გამოთქვამდნენ, რომ შეიძლება გაერღვიათ პოლიციის კორდონი, შეიძლებოდა შესულიყვნენ პარლამენტში და ა.შ. მაშინაც რომ შესულიყვნენ, უარესს მიიღებდნენ ისევ თვითონ. რა თქმა უნდა, დაზარალდებოდა ქვეყანა და მათ დააზარალეს ქვეყანა გარკვეულწილად. პოლიტიკური სტაბილურობა განსაზღვრავს ეკონომიკურს და ეს არის საფუძველი ყველანაირი ტიპის განვითარების“- აღნიშნა ივანიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარემ შევარდნაძის პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ შევარდნაძე იყო ასაკში შესული, არ ჰყავდა გუნდი, დაღლილი იყო პოლიტიკისგან და ა.შ. ნაციონალები მოვიდნენ ამ ფონზე.
„შევარდნაძის დროს ადარებენ. შევარდნაძე იყო ასაკში შესული, არ ჰყავდა გუნდი, დაღლილი იყო პოლიტიკისგან და ა.შ. ესენი მოვიდნენ ამ ფონზე, მართლაც გაყალბებული არჩევნების ეჭვი რაც იყო, ეს იყო საფუძვლიანი და ამ ფონზე მოახერხეს, და გააკეთეს, რაც გააკეთეს – რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება“. – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და არც თავადაა ცუდი ლიდერი.
„ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი. მე მგონი არც ლიდერად ვარ ცუდი. ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია მაგათზე მეტი. რომც მოეხერხებინათ და შესულიყვნენ პარლამენტში, უკეთეს შემთხვევაში მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს და წააგებდნენ პირწმინდად, მაგათ ხაზს გადაუსვამდა ქართველი საზოგადოება. ჯერ ერთი, ვერ მოახერხეს, მომავალში კიდევ უფრო ვერ მოახერხებენ ამას და მაგისი შანსი არ აქვთ. აგერ ჰქონდათ მცდელობები გუშინწინაც და იმის წინაც. იგივე უნდათ, დარჩებოდნენ პარლამენტთან, მერე პარლამენტში შევიდოდნენ, მერე სხვა ინსტიტუტზე გადავიდოდნენ. ერთი და იგივე სცენარი. ჩვენმა გუნდმა სამწუხარო გამოცდილება მივიღეთ 20 ივნისს. ნახეთ, როგორ სუფთად ჩაატარა პოლიციამ ყველაფერი. მადლობის მეტი რა ეთქმის პოლიციას. არცერთი მოქალაქე არ დაზარალებულა და მაგათაც აჩვენეს, რომ ეს რესურსიც აღარ აქვთ. ვერავითარი გადატრიალება ვერ მოხდება, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ივანიშვილმა.