შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 255.1 მლნ ევრო გამოყო

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და სატრანსპორტო კვანძის – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემდგომი განვითარების მიზნით, აზიის განვითარების ბანკი შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას განაგრძობს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ​დღეს, უწყების მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 255.1 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული თანხა შორაპანსა და არგვეთას შორის, დაახლოებით, 14.7-კილომეტრიანი ორმხრივი, 4-ზოლიანი გზის მშენებლობასა და აღნიშნულ ავტომაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებზე მიიმართება. პროექტის ფარგლებში 14 ხიდი და 12 გვირაბი აშენდება.
უწყების განმარტებით, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებაზეც.
​პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს, როლის დასრულება 2025 წლის ივნისში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები