თბილისის საკრებულოში მრავალშვილიან მშობლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გამართეს. როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ მრავალშვილიან მშობლებს რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რომლებიც ისეთი ოჯახების ინტერესებზეა მორგებული, სადაც ოთხი და მეტი შვილი იზრდება.
„მრავალშვილიანობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. თბილისის მერია არაერთ პროგრამას ახორციელებს მრავალშვილიანი ოჯახების ხელშესაწყობად. დღეს უკვე არსებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე ახალი ინიციატივა წარმოვადგინეთ და მრავალშვილიან მშობლებს გავაცანით. ვიმსჯელეთ დემოგრაფიულ საკითხებზე, ვისაუბრეთ სამომავლო პროექტებზე და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც მათ ყოველდღიურად აწუხებთ. მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია და როგორი დიდი ბედნიერებაა გყავდეს ბევრი შვილი და ამავდროულად ეს რამდენ პრობლემასთან და სირთულესთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
აღნიშნულ შეხვედრაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა მრავალშვილიან მშობლებს ის პროგრამები წარუდგინა, რომლებსაც დედაქალაქის მერია ამ მიმართულებით ახორციელებს. მიღწეული შეთანხმებით, მრავალშვილიან მშობლებთან შეხვედრები დედაქალაქის საკრებულოში რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
შეხვედრას, მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია „გენის ქართულის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები