კახა კოჟორიძე: პიკეტირებაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
პარლამენტის შენობის პიკეტირებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრმა, კახა კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოჟორიძის თქმით, მმართველი გუნდის დღევანდელი განცხადება უფრო გაამყარებს იმ კრიზისს, რაც ქვეყანაშია.
„მოძრაობა“ ლელო“, სახალხო დამცველის შეფასებას სრულად ემხრობა ამ საკითხზე, რომ შესაძლებელია, ფორმალურად პიკეტირებაში ზოგჯერ იყოს კანონდარღვევის ნიშნები, მაგრამ, ამ საკითხზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, სხვას არავის.
ჩვენ, დღეს „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ პროპორციული და სამართლიანი არჩევნები ჩვენ არ გვჭირდება და არჩევნები ჩატარდება ისევ იმ მახინჯი მოდელით. ისინი კი არ შევლენ პარლამენტში, ვისაც ხალხი აირჩევს, არამედ ამ მახინჯი სისტემით შევლენ ისინი, ვისაც ხალხი არ აირჩევს.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ენიჭება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც შექმნა ეს კრიზი და ასაზრდოებს დღესაც. კახი კალაძის განცხადება არის საზრდო აი ამ კრიზისისა, რომელიც არის შექმნილი. ეს კრიზისს ვერ განმუხტავს და შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო დაძაბავს, უფრო გაამყარებს იმ კრიზისს, რაც არის ქვეყანაში”, – განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდის ახალი გადაწყვეტილების შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ისაუბრა.
კალაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, არ დააყენონ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ „ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა“, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი.
ცნობისთვის, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ თბილისში 25 ნოემბერს საპროტესტო აქცია, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.
თამუნა შეყილაძე