ბაგა-ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით სამტრედიისა და დიდი ჯიხაიშის ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წლის ოქტომბერში, შპს “ელენიკო“-ს დირექტორმა ნ.მ-მ სამტრედიისა და დიდი ჯიხაიშის ბაგა-ბაღებს, ძროხის ხორცთან ერთად მოტყუებით ცხენის ხორციც მიაწოდა.

“სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში, შპს “ელენიკო“-ს დირექტორმა ნ.მ-მ ყალბი ვეტერინარული მოწმობებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, სამტრედიის N4, N5 და სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საბავშვო ბაგა-ბაღებს, ძროხის ხორცთან ერთად მოტყუებით მიაწოდა ცხენის ხორციც.

სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება), 219-ე მუხლის პირველი ნაწილით (მომხმარებლის მოტყუება), 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ორი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,” – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები