პუტინის განცხადების გაგრძელება “ქართულ გენოციდზე” – ცხინვალი იტალიელი იურისტების დახმარებით საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა იტალიელ იურისტებთან საქართველოს წინააღმდეგ, 1920 წელს „სამხრეთ ოსეთის გენოციდთან დაკავშირებით“, სარჩელის მომზადების შესაძლებლობა განიხილა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად მედოევმა განუცხადა.

მისი თქმით, ნეაპოლში ცნობილი საადვოკატო ჯგუფის იურისტები მასალებსა და დოკუმენტებს შეისწავლიან, რომ შემდგომ მოიყვანონ ისინი საერთაშორისო სამართლის ნორმებთან.

მედოევმა თქვა, რომ 2020 წელს „100 წელი სრულდება ტრაგიკული მოვლენებიდან“. ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლება თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებათა გეგმას ამზადებს.

7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.

პუტინის განცხადება ცხინვალელმა კომუნისტებმა აიტაცეს და 16 ივლისს „ოსების გენოციდის აღიარების მოწოდებით“ რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრებს მიმართეს.

19 ივლისს კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმას მიმართა, რომ მოხდეს „გენოციდის“ აღიარება, თუმცა 3 აგვისტოს დუმისგან პასუხი მიიღეს, რომ „საჭიროა არგუმენტების, ისტორიული ასპექტის შესწავლა, ეს ანალიზს მოითხოვს. როდესაც მსგავსი ანალიზი გაკეთდება, დუმა საქართველოს მიერ ოსების გენოციდის საკითხზე მსჯელობას დაიწყებს. ასეთი ფაქტის აღიარება სწრაფად არასდროს მომხდარა, მაგალითად, სომხების გენოციდის აღიარება 100 წელია მიმდინარეობს“.

6 ნოემბერს ცხინვალი უფრო შორს წავიდა, როდესაც დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ თბილისთან „არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს იმიტომ, რომ ის არის სახელმწიფო, რომელიც ოსი ხალხის გენოციდით იყო დაკავებული – ასეთ სახელმწიფოსთან ვერანაირი ურთიერთობა ვერ გვექნება – გენოციდის აღიარების გარეშე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები