შალვა ხაჭაპურიძე: მზად ვართ, ჩავერთოთ ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესების დაცვაში, დახმარებისთვის რუსეთის მოქალაქე ქართველ ადვოკატსაც მივმართეთ

„ორგანიზაცია „ადვოკატები დემოკრატიისთვის“ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩავერთოთ ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესების დაცვაში, – ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენიცაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციამ დახმარებისთვის რუსეთის მოქალაქე ქართველ ადვოკატს მიმართა, რომელიც რუსეთში იმყოფება. როგორც ხაჭაპურიძე აცხადებს, შესაძლოა, ის ცხინვალის ციხეში შევიდეს.
ხაჭაპურიძე ამ ეტაპზე მის ვინაობას არ ასახელებს და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით, ადვოკატთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ორგანიზაცია „ადვოკატები დემოკრატიისთვის“ შეშფოთებას გამოვთქვამთ ქართველი ექიმის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალში დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ჩვენი ორგანიზაცია მიმართავს მისი ოჯახის წვერებს, მეგობრებს, გამოთქვამთ მზადყოფნას, ჩავერთოთ ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესების დაცვაში. ჩვენ დავუკავშირდით საერთაშორისო ორგანიზაციას, „ადვოკატები დემოკრატიისთვის“, რომლის ცენტრალური ოფისი გახლავთ საფრანგეთში. ისინიც მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ჩაერთონ ამ ადამიანის ინტერესების დაცვაში.

დღეს გვექნება ვაჟა გაფრინდაშვილის მეგობრებთან, ექიმებთან შეხვედრა. არის ქართველი ადვოკატი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს და რუსეთში იმყოფება, მასაც მივმართეთ დახმარებისთვის, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს მომენტიც გამოვიყენოთ და მივავლინოთ იქ ადვოკატი, იმისთვის, რომ გავიგოთ რეალურად რა მდგომარეობაშია ვაჟა გაფრინდაშვილი. ორ ადვოკატთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება. ერთმა, სამწუხაროდ, თავი შეიკავა და განაცხადა, რომ იქ ქართველი ადვოკატის შესვლა, შესაძლებელია, მისი დაკავებითაც დამთავრდეს.
ამავდროულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიყენონ ყველა დიპლომატიური კავშირი, სამართლებრივი საშუალებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ამ ადამიანს დროულად მიენიჭოს თავისუფლება. მისი სიცოცხლე საფრთხეშია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით არის დაკავებული.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ “საზღვრის” უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე”.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები