“ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელი დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორი წარდგენილ ბრალდებაში სრულად განთავისუფლდნენ

0

სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორი მალხაზ თევზაძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად განთავისუფლდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ​სავაჭრო ცენტრის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზეა” გამოქვეყნებული.

​აღნიშნული ფაქტი “კვირას” თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

“2017 წლის 30 იანვარს მომხდარი ხანძრის შედეგად, სს “სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო”-ს მთლიანი შენობა განადგურდა. შედეგად, საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს და უსაფრთხოების სამსახურის სმენის უფროსს დაუდევრობის მუხლით ბრალი წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, “ბავშვთა სამყარო”-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორი მალხაზ თევზაძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად განთავისუფლდნენ‼️
​გადაწყვეტილების მიმღებმა მოსამართლემ, ლელა ნოზაძემ თემიდას პრინციპების გათვალისწინებით, თავისი პროფესიული მოვალეობა კომპეტენციის სრული დაცვით შეასრულა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანით, პირნათლად აღასრულა სამართალი.

ეს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აღსრულების ის მყარი ბჯენებია, რომელზეც დღეს ქვეყნის სამართლიანი სასამართლო დგას”,-აღნიშნულია “ბავშვთა სამყაროს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში მდებარე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილს (ე.წ. “ბაზრობა ნიუ მოლი”) ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელდა “ბაზრობა ნიუ მოლის” მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი – გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი – მიხეილ თევზაძე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი