20 ნოემბერს ცნობილ ქუთაისელ კალათბურთელს და მწვრთნელს სულიკო თორთლაძეს 100 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით 16 ნოემბერს ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
კერძოდ, 12:00 საათზე სპორტის სასახლეში ჩატარდება ჭაბუკ კალათბურთელთა მატჩი, რომელსაც ვეტერანი კალათბურთელები, ფედერაციის და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ასევე. სახლზე, სადაც ცხოვრობდა სულიკო თორთლაძე, გაიხსნება ახალი მემორიალური დაფა. სასტუმრო “ბაგრატში“ კი დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ფოტოგამოფენის მოწყობა.
სულიკო თორთლაძე ქუთაისში დაიბადა. 11 წლისამ დაიწყო ვარჯისი გივი კილაძის ხელმძღვანელობით. თამაშობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გუნდ „ნაუკაში“, რომელიც საკავშირო შეჯიბრებებში ასპარეზობდა. ამის შემდეგ გადავიდა ქუთაისის „დინამოში“, რომელიც სსრკ წამყვან კლუბებს არ უდებდა ტოლს.
1945-1951 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“. მის შემადგენლობაში გახდა სსრკ ჩემპიონი (1950), ვერცხლის (1947) და ბრინჯაოს (1948) პრიზიორი, თასის მფლობელი (1949)
სულიკო თორთლაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თუმცა მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა და ბავშვთა კალათბურთის საუკეთესო სპეციალისტად ჩამოყალიბდა. მისი აღზრდილები არიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები, ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, ზურაბ გრძელიძე, გელა დარსაძე.
1961 წელს მას საქართველოს, 1967 წელს – სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება, 1971 წელს კი სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
30 წელზე მეტი ხელმძღვანელობდა ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლას.
სულიკო თორთლაძე 1982 წლის 4 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწვანე ყვავილას პანთეონში.