ვახტანგ ხმალაძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებს მაჟორიტარულ ოლქებში ისევე წააგებს, როგორც „ნაცმოძრაობამ“, 2012 წელს

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების ინიცირების ჩაგდებით, მმართველი გუნდი საზოგადოებაში რეიტინგს მნიშვნელოვნად დაკარგავს.

როგორც ხმალაძე „კვირასთან“ საუბარში ამბობს, რეიტინგის ვარდნის ფონზე, 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ სწორედ მაჟორიტარულ ოლქებში წააგებს, როგორც ეს 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში მოხდა.

ხმალაძე ასევე აცხადებს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი გუნდი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, ის რწმუნდება იმაში, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში პარლამენტში განვითარებული მოვლენები, ვიწრო წრის მიერ იყო დაგეგმილი.

„განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის 8 თუ 9 წევრის მიერ პარლამენტში მაღალი თანამდებობის დატოვების ფაქტმა, დამარწმუნა იმაში, რომ ეს იყო ვიწრო წრის მიერ წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი. იმთავითვე, როდესაც ითქვა უარი მაჟორიტარულ სისტემაზე, მაშინვე იყო ჩაფიქრებული ყველაფერი ისე დამთავრებულიყო, როგორც გუშინ დამთავრდა.

გუშინდელი მოქმედებით „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა საზოგადოებაში კიდევ ერთი დარტყმა მიიღეს, ეს მათ რეიტინგზე უეჭველად იმოქმედებს და ახლა უკან რომ დაიხიონ და შემოაბრუნონ კანონპროექტი, არამგონია ამან მათ რეიტინგს სასიკეთოდ წაადგეს. არამგონია, მათ შეცვალონ ეს გადაწყვეტილება, რადგან იმედი აქვთ სწორედ მაჟორიტარული სისტემა მისცემს საშუალებას, რომ 2020 მოიპოვონ საპარლამენტო უმრავლესობა.

თუმცა, მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ასეთი მკვეთრი პოლარიზაციის პირობებში, რაც ახლა წარმოიქმნა და თუ ოპოზიციის ძირითადმა ძალებმა მოახერხეს შეთანხმების მიღწევა და ჯერჯერობით ჩანს რომ ასეთი შეთანხმების ალბათობა მაღალია, მაშინ მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვებენ სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად „ქართული ოცნება“ მიიღებს უფრო ნაკლებ მანდატს, ვიდრე მიიღებდა პროპორციული არჩევნების დროს. მაჟორიტარულ ოლქებს ისინი მნიშვნელოვან წილად წააგებენ, ზუსტად ისევე, როგორც 2012-ში მაჟორიტარული ოლქების დაახლოებით ნახევარი წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, – განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები