კახეთში, ღვინის საწარმოებში სასწორებზე პულტებით მანიპულირებდნენ – შსს-მ თაღლითობისთვის 3 პირი დააკავა

კახეთის მდებარე ღვინის ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში არსებულ სასწორებზე სპეციალური ელექტრომიკროსქემების დამონტაჟებისთვის და საწარმოებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული მატერიალური ზიანისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი მ. ც., 1968 წელს დაბადებული დ.ტ. და 1981 წელს დაბადებული ზ. ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კახეთის რეგიონში მდებარე ღვინის ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში არსებულ სასწორებზე ფარულად დაამონტაჟეს სპეციალური ელექტრომიკროსქემები და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით სასწორებზე მანიპულირებდნენ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მათ აღნიშნულ საწარმოებსა და მოქალაქეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს,”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა დაზარალებულების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის აღმოჩენისთანავე, მიმდინარე წლის სექტემბერში, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები