ეკა ბესელია პირად კადრებზე: ეს არის სააკაშვილის დროინდელი ჩანაწერი

პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებზე ხელი სასამართლოსთან და პროკურატურასთან დაახლოებულ პირებს მიუწვდებოდათ, – ამის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაზარალებულმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

“ეს არის სააკაშვილის დროინდელი ჩანაწერი. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა თავის დროზე, როცა დააკავეს რამდენიმე პირი. ეს მასალა, უკანონო ჩანაწერი, იყო სასამართლოშიც და პროკურატურაშიც. შესაძლებელია, ეს ხელმისაწვდომი ყოფილიყო იმ პირებისთვის, ვინც დაახლოებულია ამ უწყებებთან და ინსტიტუტებთან. ასე რომ, ხელმისაწვდომობის პრობლემა ნამდვილად არ იყო. მთავარია გადაწყვეტილება ვინ მიიღო, თორემ ის, რომ არ მიუწვდებოდათ ხელი, ასეთი დაშვება საერთოდ არ მაქვს,” – განმარტა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბრალდებულებს, რომლებიც გირაოთი არიან გათავისუფლებულნი, ვიდეოების მოპოვება-გავრცელება-შენახვას ედავებიან. საქმის განხილვა 2019 წლის 6 დეკემბრამდე გადაიდო. პერსონალური მონაცემებისა და პიროვნების საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნით, საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები