საგურამოში ფონდ “ქართუს” დაფინანსებით დავით გურამიშვილის სახელობის სკვერი მოეწყო

საგურამოში ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, დავით გურამიშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერში დღესვე დავით გურამიშვილის ძეგლიც დაიდგა, რომელიც მოქანდაკე კახა არუნაშვილს ეკუთვნის. გახსნის ცერემონიას ვიცე-პრემიერი – მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი – სოზარ სუბარი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი – ირინე აბულაძე, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე და ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე – ნიკოლოზ ჩხეტიანი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.
ორ ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულ პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაკეთდა ამფითეატრი, სპორტული მოედნები და საბავშვო გასართობი სივრცე. გარე პერიმეტრზე პარკინგის ზონა მოეწყო. დღესვე, პარკში დავით გურამიშვილის ძეგლიც გაიხსნა. პროექტის ღირებულებამ 800 000 ლარი შეადგინა და ფონდ “ქართუს” დაფინანსებით განხორციელდა.

ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აღნიშნული სკვერის მოწყობა, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეხმარება ფონდი “ქართუ” სახელმწიფოს იმ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობაში, რომელზეც ხშირად ქვეყნის ბიუჯეტიდან, რესურსის უქონლობის გამო, თანხები ვერ ნაწილდება.

“ეს არის ახალი სივრცე, რომელიც საგურამოს მოსახლეობას, პირველ რიგში, გაუუმჯობესებს ყოფას, ცხოვრებას და მისცემს ჩვენს ახალგაზრდებსაც აქ გართობისა და გარკვეული კულტურული აქტივობების განხორციელების საშუალებას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეხმარება ფონდი “ქართუ” სახელმწიფოს იმ საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვდებთ რეგიონების განვითარებაში, მაგრამ ჩვენი აქცენტები ძირითადად იმ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე კეთდება, რომლებიც პირველადი საჭიროებისაა – წყალი, გაზი, გზები. ამიტომ ასეთი სარეკრეაციო ზონების მოწყობისთვის ხშირად არ გვრჩება თანხები”, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა ფონდ “ქართუს” პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და ტერიტორიის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ეს პარკი, სადაც ვართ საუკუნე-ნახევრის წინ იყო გურამიშვილების მამული. საბჭოთა პერიოდში აქ იყო რუსული სამხედრო საბჭოთა ბაზა, შემდგომ იყო ნაგავსაყრელი, სადაც შემოსვლა შეუძლებელი იყო ბავშვებისთვის და დღეს, აქ გაკეთდა ულამაზესი დასასვენებელი ადგილი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება, ფონდი “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სკვერის მოწყობა და დავით გურამიშვილის ძეგლის დადგმა, საგურამოს მოსახლეობისთვის განხორციელდა.
“აქ მოეწყო დასვენებისა და სპორტული სივრცეები, ასევე გაკეთდა ამფითეატრი, რომელიც სკოლას საკუთარი მიზნების განსახორციელებლად შეუძლია გამოიყენოს. რაც მთავარია, აქ დაიდგა დიდი ქართველის – დავით გურამიშვილის ძეგლი, რომელიც ძალიან ლამაზი კომპოზიციაა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული მოქანდაკე.
მიხარია, რომ ეს ლამაზი კუთხე მოეწყო საგურამოს მოსახლეობისთვის. ყველაფერი კი 2017 წელს დაიწყო, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეწვია საგურამოს და საკუთარი გულისტკივილი გამოთქვა აქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო ფონდი “ქართუც” და დაიწყო პროექტზე მუშაობა”, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

თავად მოქანდაკე, კახა არუნაშვილის თქმით კი დავით გურამიშვილის ძეგლზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო, თუმცა, ამავდროულად, საპასუხისმგებლო პროცესი იყო.
“ფონდი “ქართუს” გამოცხაებულ კონკურსში დაახლოებით 10 მოქანდაკე ვიღებდით მონაწილეობას. დავით გურამიშვილის ძეგლზე ფიქრი და მუშაობა საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო, თუმცა საპასუხისმგებლოც, რადგან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საკმაოდ ლამაზი ძეგლი გვიდგას მერაბ ბერძენიშვილის შესრულებით. ამიტომ იყო რთული ეს ჩემთვის”, – განმარტა არუნაშვილმა.

სკვერისა და ძეგლის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ფონდმა ის მოსწავლეებიც დააჯილდოვა, რომლებმაც დავით გურამიშვილის შემოქმედებაზე ესეები მოამზადეს და სპეციალურ კონკურსში გაიმარჯვეს. მოსწავლეებს პრიზები პირადად ფონდ “ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები