ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოსთან ჩვენი პოლიტიკა არის ასეთი – ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ნატოსთან დაკავშირებით სწორი მიმართულება აქვს არჩეული და თვლის, რომ საქართველო მზად უნდა იყოს სამომავლო ურთიერთობების გასაღრმავებლად. ამის შესახებ მან  ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
ღარიბაშვილმა კონფერენციის შესახებ ისაუბრა და მის ფარგლებში გამართული დისკუსიებიც შეაჯამა.
„პირველ რიგში, მე მინდა, შევაჯამო კონფერენცია და ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია, 300-მდე მონაწილე გვყავდა. ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე იქნა დისკუსიები გახსნილი და ჩვენ ძალიან საინტერესო პასუხები მივიღეთ, კითხვებიც საინტერესო დაისვა. ჩვენ დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია იმის, რომ მაღალი დონის, რანგის დელეგაციები სტუმრობენ ბათუმს და სწორედ ბათუმში ტარდება უსაფრთხოების კონფერენცია. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, რომელზეც იყო გახსნილი დისკუსიები და ამომწურავი პასუხები გავეცით ყველა კითხვას, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში დაისვა. ასევე, მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენ მადლიერებით აღვნიშნავთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერასა და ჩართულობას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად, ჩვენი ქვეყანა არის გაძლიერებული და დაფასებული მთელს საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს ლონდონის ლიდერთა სამიტის შეხვედრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას სწორი მოლოდინები.
„რაც შეეხება ნატო-სთან ურთიერთობას და ზოგადად მოლოდინებს, მე ყოველთვის მითქვამს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი მოლოდინები. არ შეიძლება, მოსახლეობას ცრუ მოლოდინები გაუჩინო და შემდეგ იმედი გაუცრუო, ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაშვებული. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, მჭიდრო კომუნიკაციით ვატარებთ სწორ პოლიტიკას, სწორი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ, ჩვენი პოლიტიკა არის, ორ სიტყვაში ვიტყოდი – ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად. აი, ეს არის ძირითადი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები