ირაკლი ლექვინაძე: მაქსიმუმია გასაკეთებელი, რომ ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა გაიზარდოს

არ უნდა დავამძიმოთ ჩვენი ეკონომიკა ისე, რომ ამან გადაწონოს უპირატესობები, რაც გაგვაჩნია – ეს არის დაბალი გადასახადები, მაღალი უსაფრთხოება თუ ჩვენი ლოჯისტიკური უპირატესობები, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა ლარის კურსთან და ინფლაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

მისი თქმით, კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და აისახება იმ მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე, რომელთაც აქვთ შემოსავალი ლარში და ვალდებულებები დოლარში.

“დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და აისახება იმ მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე, რომელთაც აქვთ შემოსავალი ლარში და ვალდებულებები დოლარში. ამიტომ, მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ერთგვარად, მაღალი კურსის გავლენის შედეგია. კურსი ერთ-ერთი გამოწვევაა დღეს ბიზნესისთვისაც, რადგანაც გაძვირებული პროდუქცია და შემცირებული მსყიდველუნარიანობა მათ გაყიდვებზეც რეალურად აისახება. ვფიქრობ, მაქსიმუმია გასაკეთებელი, რომ ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა გაიზარდოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზე და მათ შორის ვასახელებთ სხვადასხვა ტიპის რეგულაციას, ესეც არის ერთ-ერთი გავლენის მომხდენი. არ უნდა დავამძიმოთ ჩვენი ეკონომიკა ისე, რომ ამან გადაწონოს უპირატესობები, რაც გაგვაჩნია – ეს არის დაბალი გადასახადები, მაღალი უსაფრთხოება თუ ჩვენი ლოჯისტიკური უპირატესობები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო აქტივობის გაზრდა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რამაც შეიძლება, გარკვეულ პერიოდში კურსის უფრო მიზანშეწონილი მაჩვენებელი მოიტანოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9653 ლარი ღირს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები